საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილება, ამბობს რომ ეს არის პროპაგანდისტული ბრალდება, რასაც ძალიან წარმატებით იყენებენ სამთავრობო მედიები, რომლებიც ცდილობენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული იარლიყი მიარტყან საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარის უპირველესი ამოცანა სასამართლოში მიმდინარე საქმეების საჯაროობა, რის გამოც ისინი ყველა პროცესზე დააყენებენ პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობას. მისივე თქმით, სასამართლო არის პირადად ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელი ორგანო, თუმცა მას არ ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა
„ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ „პიჯაკების საქმე“. სწორედ ამიტომ, ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა ასევე, მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დაესწრონ პროცესზე, გაშუქების ფუნქციის გარეშეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება შესაძლებლობა წარსდგეს სიტყვით სასამართლო სხდომაზე და ჩვენ მოვისმენთ მის განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ზოგად შეფასებებს”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.