აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი მოხსნა.
გარდა ამისა, ალიევმა თანამდებობიდან განათლების მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვიც გაათავისუფლა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
მამედიაროვის გათავისუფლებას ალიევის მხრიდან კრიტიკა უძღოდა.
მისი თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა, როდესაც აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება გართულდა.
ალიევის თქმით, ქვეყნის “დიპლომატია შემტევი უნდა ყოფილიყო, და არა პასიური და თავდაცვის პოზიციაში მყოფი”.
“ჩვენ ვმუშაობდით 12 ივლისის მოვლენების შემდეგ. პრემიერ-მინისტრი სამსახურში იყო, მე დილამდე ვმუშაობდი. თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს მდივანი დილამდე მუშაობენ. მე ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ელმარ მამედიაროვი, აზერბაიჯანის საგარეოპოლიტიკურ უწყებას 2004 წლის 2 აპრილიდან ხელმძღვანელობდა.
მონიკა დავლიანიძე