ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა, ჩემი მთლიანად გამართლება – მინდა მივმართო ყველა ქართველს – სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს?,- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერი გამოიცა.
როგორც სააკაშვილი განმარტავს, ჰააგის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა.
,, ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა – “ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით”. მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა. წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა.
ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.
ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს – სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.