„ლელოს” დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს პარლამენტი არ არის „ქართული ოცნების” საკუთრება ან მათი უკანა ეზო, რომ თავად წყვეტდნენ, ვინ უნდა მოვიდეს და როდის უნდა მოვიდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტს მიეცეს შესაძლებლობა პარლამენტის ტრიბუნიდან ესაუბროს საკუთარ ხალხს.
“მაშინ, როცა უმწვავესი საკითხებია და ომი მიმდინარეობს, რომელიც ძალიან კონკრეტულ გავლენას ახდენს ბევრი მიმართულებით და ბევრი რისკია, პარლამენტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, მთელი სასესიო კვირა გააუქმა “ქართულმა ოცნებამ” და სრულიად მეათეხარისხოვან პროექტებს ისმენენ სხვადასხვა კომიტეტები მაშინ, როცა არ შეკრებილა ნდობის ჯგუფი, თავდაცვის კომიტეტი თუნდაც, დახურულ რეჟიმში, არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო და არც მთავრობის სხდომაზე ყოფილა იმ საკითხების განხილვა, რაც დღეს არის რელევანტური. ახლა პრეზიდენტისთვისაც ტრიბუნის დაბლოკვა ხდება, როცა ის ევროპიდან ბრუნდება და მნიშვნელოვანი გზავნილები აქვს გასაზიარებელი, სწორედ პარლამენტის ტრიბუნაა ის ადგილი, სადაც ვისურვებდი მიეცეს შესაძლებლობა ესაუბროს საკუთარ მოქალაქეებს,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა გადაწყდეს, გაიმართება თუ არა პლენარული სხდომა 5 მარტს.