„ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერს ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია, ამიტომ მოგვევლინა ოპოზიციის ბრალმდებლად, რომ ოპოზიცია არის კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ბრიუსელში ითხოვს საქართველოზე პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ განცხადებით, პრემიერი ცდილობს ოპოზიციაზე გადაბრალებით საკუთარი მთავრობის ჩავარდნა გადაფაროს.
“ნაცვლად იმისა, პრემიერი დღეს იდგეს და ანგარიშს აბარებდეს ქართველ ხალხს, თუ რა გზავნილებით ჩამოვიდა ის ბრიუსელიდან და რა პერსპექტივა აქვს მისივე ხელმოწერით გაგზავნილ განაცხადს, ამასთან დაკავშირებით მას კარგი და იმედისმომცემი არაფერი უთხრეს ბრიუსელში, ამიტომ მას ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია, რაც ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა, ამიტომ მოგვევლინა ოპოზიციის ბრალმდებლად, რომ ის არის კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილო და ახლა ვინმემ თავი უნდა იმართლოს ამაზე?!- არავითარ შემთხვევაში. მას ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი და შეხვედრები საქართველოს სახელით ბრიუსელში, ამიტომ მოვუწოდებ ღარიბაშვილს, ჩააბაროს ქართველ ხალხს ანგარიში, თავად რა გზავნილები მოისმინა და რამდენად პერსპექტიულია მისივე ხელმოწერით გაგზავნილი განაცხადი, თუ ამაზე არ საუბრობს, ეს გვარწმუნებს, რომ საკუთარი მთავრობის ჩავარდნა სურს გადაფაროს,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა უთხრეს, რომ ოპოზიცია მათ თხოვს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული.