„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, მოქალაქეებს შესთავაზებენ მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს. მისი თქმით, ასე უნდა დასრულდეს ერთპარტიული დომინაცია, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული ჰეგემონია სახელმწიფოს ყველა დონეზე, რამაც ავტორიტარიზმში გადასულ მმართველობამდე მიგვიყვანა.
მისი თქმით, აუცილებელია მრავალპარტიულ დონეზე დაფუძნებული მთავრობების მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან იმისათვის, რომ განსხვავება გამოჩნდეს ერთპარტიულ მმართველობასა და მრავალპარტიულ მმართველობას შორის. ჯაფარიძის განმარტებით, მრავალპარტიული მმართველობა დაფუძნებულია ურთიერთკონტროლზე, სადაც ადგილობრივი მთავრობის წევრები შერჩეული იქნებიან კომპეტენციის ნიშნით და არა ამა თუ იმ ადამიანის მიმართ ერთგულებიდან გამომდინარე.
” ახლა არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის, მეორე ტურში კოალიციურმა მოდელებმა მხარდაჭერა მიიღონ, რათა ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს და მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ეფექტური კოალიციური მართვა და რა უპირატესობა აქვს მას ერთპარტიულ მართვასთან შედარებით,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.