ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის მე-4 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.6%-ით გაიზარდა და 43.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 16.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 31.1%-ით მეტია.
„2021 წლის მე-4 კვარტალში მთლიანი ბრუნვის 61.2 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 20.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1 პროცენტი, საშუალოზე – 27.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.5 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის მე-4 კვარტალში 25 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.4 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 15.2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.6 პროცენტით მეტი). 2021 წლის მე-4 კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 693.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.7 პროცენტი ქალია, ხოლო 57.3 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 38 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 664 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 9.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 3 255.7 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4 პროცენტით მეტი),“ – ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.