შეთავაზების მიუხედავად, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალობა და ფარსია. კომისიის საქმიანობაში ჩართვას ამ ეტაპზე არ აპირებენ “გირჩი” და “მოქალაქეებიც”, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრებით.
“თუ დანარჩენი ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი მტკიცებულებები, რაც ამ არჩევნების გაყალბებასთან არის დაკავშირებული აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენლები და მათ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ კომისიაზე,” – განაცხადა “მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიას არც ამომრჩევლის, არც ოპოზიციური პარტიების და არც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ნდობა არ ექნება.