ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იწყება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები ისაუბრებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და იმ საერთო თავდაცვით შესაძლებლობებზე, რაც ნატოს გააჩნია.
უწყების პირველი პირები საერთო თავდაცვით ღონისძიებებზე უნდა შეთანხმდნენ.
მინისტერიალის მეორე დღეს შედგება შეხვედრა საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან. ალიანსი ღიად აფიქსირებს, რომ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში მისთვის პრიორიტეტულად რჩება.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის განსაკუთრებით უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე ალიანსის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც შექმნილია უკრაინის ირგვლივ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო კონცენტრაციის შედეგად. ისაუბრებენ ასევე ალიანსის თავდაცვით შესაძლებლობებზე, საბიუჯეტო პოლიტიკაზე და ფინანსური ტვირთის გადანაწილებაზე, ნატოს პრიორიტეტებზე.