პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს და ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათი ფრაქცია კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე იბარებს. მისი განმარტებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დროებით უნდა შეჩერდეს, რადგან ერთჯერადი მომსახურების საფასური ორმაგდება და მოქალაქეს 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარის გადახდა მოუწევს.
შარაშიძის თქმით, ეს მაშინ, როდესაც რეკორდულად არის გაზრდილი ინფლაცია და მოქალაქეები ფაქტობრივად ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის და ოჯახის შენახვისთვის.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, ვგულისხმობ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას და მისი ხელმისაწვდომ და კომფორტულ სარგებლობას, საკრებულოს უახლოებს სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე პირადად გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე, რაც ჩვენი აზრით წერტილს დაუსვამს გავრცელებულ მანიპულაციებს, სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებს გაძვირდა რეალურად თუ შემცირდა მგზავრობის ტარიფები. ამავე დროს, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მოუწოდებს თბილისის მთავრობას და საკრებულოს, რომ დროებით შეჩერდეს აღნიშნული ინიციატივის გატანა, მოხდეს მისი განხილვა კომპეტენტური პირების და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით, იმისათვის, რომ თბილისელებს არ ჰქონდეთ არანაირი კითხვა და პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ახალი ტარიფების შესახებ. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს სატრანსპორტო რეფორმისა, კონკრეტულად, თუნდაც საბარათე სისტემისა, რომელიც გულისხმობს შეღავათებს ხანგრძლივ და მრავალჯერად მგზავრობაზე, თუმცა წინააღმდეგი ვიქნებით თუნდაც იმ მოქალაქეებისთვის მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.