„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა.
როგორც გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, პარტიის ხელმძღვანელობის სხვა წევრების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს აღარ ეთანხმება. მისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ პარტიის წევრებს შორის და მის ირგვლივ ოდიოზური ფიგურები გამოჩნდნენ.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია აღმაშფოთებელია.
„შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო“,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.