დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა, არასრულოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ის ერთი მეოთხედით შემცირდა და და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წელი და 6 თვე.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა.
გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ, რადგან არ იციან გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.