პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა ღარიბაშვილი, ეს მის პროტოკოლს უნდა ჰკითხონ. ასე გამოეხმაურა ის ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეხვდნენ ღარიბაშვილი და ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე.
სერგეენკოს თქმით, კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და თავად ჯანდაცვის მინისტრი, მან დაავალა სასწრაფოდ ჩასულიყო კიევში. “მეორე დღესვე იქ ვიყავი და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში, არ მინდა, დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარებები ჩავიტანეთ და გარკვეული პერიოდი იქ ვიყავი”- განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, რატომ შეხვდა ან არ შეხვდა პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე ვინმეს, ამაზე შეხვედრების ორგანიზატორებს უნდა ჰკითხონ, და ის ამის უკან რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას ვერ ხედავს.
” ასე რომ, არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა, არ ვიცი რატომ, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ, ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია,”- განაცხადა სერგეენკომ.