სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.
კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.
„ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს დასაბუთებული საფუძველი ვივარაუდო, რომ აღნიშნულ სამ პირს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაცემა“,- ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.
„თუ წინასასამართლო პალატა დაამტკიცებს ჩემს განაცხადს დაკავების ორდერთან დაკავშირებით, მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ ამ სამი პირის დაკავების კუთხით“, – ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლიც. “მიიჩნევენ, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის განხორციელებაში”,- აცხადებს კარიმ ხანი.