პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ, სადაც მან აქციის მონაწილეებთან ერთად გაათია ღამე, განაცხადა, რომ დილის გეგმები შეიცვალა. მისი თქმით, ამის მიუხედავად აქვთ ძალიან ლეგიტიმური, ერთადერთი სწორი მოთხოვნა, რომ ის მთავრობა, რომელიც არცხვენს ჩვენს ქვეყანას, არ უნდა წარმოგვადგენდეს ჩვენ.
„ჩვენ, მოქალაქეების ჯგუფთან ერთად, ღამე აქ ვიყავით, პარლამენტის წინ. დილის გეგმები შეიცვალა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ლეგიტიმური, ერთადერთი სწორი მოთხოვნა, რომ ის მთავრობა, რომელიც არცხვენს ჩვენს ქვეყანას, არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არ იბრძვის მშვიდობისთვის და არ არის უკრაინის გვერდზე, ის არ უნდა წარმოგვადგენდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის ქმედითი დახმარება და ასევე, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომ ევროკავშირში მოვითხოვოთ წევრობა,”- განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, აქციების პარალელურად, საზოგადოების ჯგუფებთან გამართავენ შეხვედრებს დღის განმავლობაში, რადგან საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი არ არის არცერთი პარტიის. ხოშტარია ამბობს, რომ ამ პროტესტის ფორმებზე, შინაარსზეც, შემართებაზეც, ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ჩართულობა, რომ ერთად წარმართონ პროცესი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ 2 მარტს დილის 8 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებოდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ, თუმცა დღეს აღნიშნული გეგმა შეიცვალა.