ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დღეს ენერგეტიკის სფერო არის „ქართული ოცნების“ შავი სალარო. მისი თქმით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მათი ფრაქცია დავით ნარმანიას იბარებს.
ბეჟაშვილის განცხადებით, უკვე ერთი კვირაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხთან ერთად აპროტესტებს „ოცნების“ მაფიოზურ მმართველობას ენერგეტიკის სფეროში, რისი ნათელი გამოვლინებაც იყო დეკემბერ-იანვრის თვეებში დარიცხული ორმაგი გადასახადები, რითაც ენერგოკომპანიამ „ქართული ოცნების“ დახმარებით ათეულობით მილიონი ლარის მოგება ნახა მოქალაქეების ხარჯზე.
მისი თქმით, ენერგეტიკის სფერო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გახდა ავტონომიური და ქვეყანა ექსპორტს აწარმოებდა, ბოლო წლების განმავლობაში იქცა ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ შავ სალაროდ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები და მათი კომპანიები მდიდრდებიან ასეულობით მილიონი ლარით.
“ტარიფები, ნაცვლად შემცირებისა, გაზრდილია ორჯერ, ივანიშვილის და მამაცაშვილის კომპანიებისთვის გადასახადების შემცირება მოხდა და პრაქტიკულად, მოქალაქეები აფინანსებენ თავის ჯიბიდან ამ კომპანიებისთვის ბიტკოინების გამომუშავებას, გაიზარდა ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება რუსეთთან და 5-ჯერ მეტი იმპორტი ხორციელდება ეელექტროენერგიის რუსეთის ფედერაციიდან, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას. სწორედ ამ მძიმე თემებთან და კითხვებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ ფრაქცია უახლოეს პლენარულ სხდომაზე იბარებს სემეკის ხელმძღვანელს, დავით ნარმანიას, რომ მან პოლიტიკურად პასუხი აგოს ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.