ევროკავშირმა და თელავის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად გახსნეს პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი კახეთში, რომლის განახლება და თბოიზოლაცია ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავდროულად ხარჯების 60%-საც დაზოგავს.
ორი წლის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი გასათბობად შეშას იყენებდა. ზამთარში შენობის მხოლოდ 40% თბებოდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საბავშვო ბაღის შენობას, სხვა ობიექტებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ამჟამად, ევროკავშირის დახმარებით, იყალთოს საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად თბება ენერგიის განახლებადი წყაროს, კერძოდ, წალმის (ვაზის ნასხლავის) გამოყენებით, რომელიც კახეთში უხვად მოიპოვება. სათბობად ბიომასის გამოყენება ამცირებს როგორც სათბურის გაზების გამოფრქვევას, ასევე ხარჯებს.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს გადასცა ორი ტრაქტორი, ბიომასის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკა, რითაც ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას.