ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გამართულ შეხვედრას მთავრობის, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ენერგეტიკის სფეროში ლიცენზიის მქონე კომპანიები და მარეგულირებელი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, წყალმომარაგების სექტორში მოქალაქეთა ყველაზე მეტი საჩივარი შედის. ამ სექტორში ძირითად პრობლემას არასათანადო მომსახურება წარმოადგენს, რაც თავს იჩენს წყალმომარაგების ხშირ წყვეტაში, გეგმური და ავარიული სამუშაოების გაჭიანურებაში და რეგიონულ ქალაქებში დადგენილი გრაფიკების დაუცველობაში.
ომბუდსმენის აპარატის მეშვეობით გადაწყდა სასმელი წყლისთვის სულადობის მიხედვით ანგარიშსწორებისას წარმოქმნილი პრობლემები. მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის მისამართზე არ ცხოვრობენ წყლის გადასახადს მაინც იხდიდნენ, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევდა.
ელექტოროენერგეტიკის სფეროს რაც შეეხება, მომხმარებლები გამოხატავდნენ პრეტენზიებს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად გაანგარიშებასთან დაკავშირებით.
ბუნებრივი გაზის სექტორი 2019 წლის მონაცემებით ომბუდსმენმა შეაფასა, როგორც კატასტროფების წელი. რაც გამოწვეულია შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობით. მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სულ მოხდა ბუნებრივი გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების 6 ფატალური შემთხვევა, დაფიქსირდა აგრეთვე გაზის გაჟონვისა და ინტოქსიკაციის 358 ფაქტი, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შედეგები მოჰყვა.
მარიანა ქევხიშვილი