საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს. ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზალკალიანის მოსმენას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე აპირებენ.
„უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. ამიტომ როგორც ეს რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ბოკუჩავამ.