,,საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობრივი ჰომოფობია და აზრის და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება მიეცეს ყველას, თუ ეს კანონით აკრძალული არაა და სისხლის სამართლის დანაშაული არაა“, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს.
„ყველა მორწმუნეს და ტრადიციონალისტს აქვს უფლება მშვიდობიანი და ლოცვითი აქციით გააპროტესტოს პრაიდი და პრაიდის იდეები, მაგრამ რაც გუშინ ვიხილეთ, პროტესტანტების მხრიდან, ეს არაა ქრისტიანობა და სულიერება, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა.
იყო დრო, როდესაც მეც ისევე ვფიქრობდი, როგორც ეს ქსენოფობიური ჯგუფები და მიმაჩნდა რომ პრაიდის მოწყობა ქვეყნის და ერის დაქცევას უდრის, მაგრამ დღეს ვაანალიზებ, რომ ასეთი მიდგომა არის უკიდურესად პრიმიტიული და უაზრო რამ: გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ტრადიციული ფასეულობებისთვის და ქრისტიანობისათვის, თუ კონკრეტული რამ კანონით აკრძალული არაა.
ქრისტე თავის ფასეულობებს ქადაგებით ავრცელებდა და არა ძალადობით, ან ვინმეს რეპრესირებით. შეუძლებელია პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს.
ვერავინ ვერ „გააპიდარასტებს“ ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი პირადი სურვილი და არჩევანი არაა, ეს უნდა შეუშვას ტვინში ყველამ და გააანალიზოს“ – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.