2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 %-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.0 %-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარს (21.6 %-ით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4 047.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 %.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.6 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (478.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (426.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (400.2 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 571.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 %-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 338.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 %), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით (10.6 %).