„ღამის კურიერის“ 10 ივლისის ტელეთერში ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა კატეგორიულად უარყო ანაკლიის პორტის გაჩერებასთან რამენაირი კავშირი. „ეს არის აბსოლუტურად ფანტაზიაზე დაყრდნობილი ინფორმაცია იმიტომ, რომ მე არაფერი კავშირი არ მაქვს ფოთის პორტში მოქმედ ოპერატორებთან. ერთი არის დანიური კომპანია, მეორე არის ამერიკული კომპანია. თავისუფალი ეკონომიკური ზონა გვაქვს, მაგრამ პორტებთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, ეს ცალკე ორგანიზაციაა“,-აღნიშნა მან.
მისი განცხადებით,ის არის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც, აბსოლუტურად, თავისუფალი ზონის სტატუსიდან გამომდინარე, აქვს სხვა ფუნქცია და არა საპორტო ინფრასტრუქტურა.
„ანაკლიის თემა, ფოთის პორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის სამივე განსხვავებული იურიდიული პირები, რომელთანაც კავშირი არის გამორიცხული. ანაკლიას ჰქონდა თავისი გეგმა, არის შესანიშნავი პროექტი, ფული ვერ იქნა მოძიებული და გაჩერდა და დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება ფული და აშენდება ეს პორტი. ეს არ არის ჩემი საქმე, სახელმწიფო არეგულირებს, შეგნებულად ძალიან დისტანცირებული ვარ ამ პროექტისაგან და შეფასებებისგანაც თავს შევიკავებ ანაკლიის გარშემო“,- განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა