დღეს უკრაინის მხარდასაჭერი აქცია 19:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობები და პარტიები. მათ შორის “დროა”, “სირცხვილია”, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა, “შეცვალე” და “გირჩი – მეტი თავისუფლება”.
“დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან. პუტინი თავისი გამოსვლის დროს გვარწმუნებდა, რომ სურს მშვიდობა და არ ითვისებს არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აქტს ხელი მოაწერა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიწერა.