პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს – რასაც არ გააკეთებენ.
მისი თქმით, თვითმფრინავის გაგზავნის საკითხი არ არის მისი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. კობახიძე ამბობს, რომ თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება.
“რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არც ერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში. საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი,”- განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ როცა არაერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მოხალისეებს შეუძლიათ უკრაინაში წასვლა, საქართველოდან რატომ არ არის შესაძლებელი მოხალისეების უკრაინაში ჩასვლა, კობახიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში. მისივე თქმით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიდიან უკრაინაში, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს სახელმწიფო.