“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუკი მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა არ შედგა იმ თვითმმართველობებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა.
მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.
“რაც შეეხება იმ რამდენიმე საკრებულოს, სადაც “ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არა აქვს, აქ ჩვენ ორი გზით წავალთ: – ეს იქნება კონკრეტული თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე მერსა და საკრებულოს შორის. თუ საბოლოო ჯამში, ასეთი თანამშრომლობა არ შედგა – არ მოხერხდა ბიუჯეტის დამტკიცება და ასე შემდეგ, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა როგორც მერის, ასევე საკრებულოს მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე თვითმმართველობაში პროცესს დავაკვირდეთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ერთპარტიული უმრავლესობა ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ექნება: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში.