დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მგზავრობის ტარიფი არ ძვირდება. მისი თქმით, ეს ასე რომ ყოფილიყო, მოსახლეობას პირდაპირ ეტყოდა, ხოლო 250-ლარიან, ერთწლიან აბონემენტზე კი შეუძლიათ ბანკებს დაელაპარაკონ და განაწილება გაუკეთონ.
“იმედის” ეთერში კალაძემ განაცხადა:
“არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და იმის უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე. 900 ათასზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 53% პროცენტი სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით ან მგზავრობს უფასოდ და მათ ეს შეღავათი რჩებათ. ეს შეღავათები ვრცელდებოდა, მეტროსა და ავტობუსზე. ყვითელ მიკროავტობუსებში მათ 80 თეთრის გადახდა უწევდათ. ამ შეღავათით ჩვენ ინტერგრირება გავაკეთეთ, მეტრო, მიკროავტობუსიც, ავტობუსიც და საბაგიროც ჩართულია ამ პროგრამაში“.
რაც შეეხება ერთწლიანი 250-ლარიანი აბონემენტის ყიდვას, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია, კალაძის თქმით, შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ. მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან პენსიონრები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს.