თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, ის ყველა გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში შედის, თუმცა აკრძალულ ტერიტორიებზე გარევაჭრობას ვერ დაუშვებს, ვინაიდან სხვა ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. მისი თქმით, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ, ბაზრობაზე საქმიანობის საშუალება ეძლევათ.
“თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს. ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული”,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, წესრიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას არ უნდა შევუშალოთ ხელი. კალაძის თქმით, ამისთვის არსებობს შესაბამისი სივრცეები, სადაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მიეცემათ საშუალება ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელონ გარემოვაჭრეებმა.