33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან, სხვილოს ციხის სიახლოვეს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.
მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს, მედიატორის როლს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაჭრასა და დაკავებას გაეროს განვითარებისპროგრამის (UNDP)მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ლუიზა ვინტონმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შემთხვევები სწრაფად და ეფექტიანად იქნება გამოძიებული.
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გახელაძის ოკუპირებული ცხინვალიდან გასათავისუფლებლად.
ელენე დათეშიძე