წესრიგის დარღვევის გამო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაძევებული მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე კვლავ დააბრუნეს. მისმა ადვოკატებმა პროცესზე დაშვების შუამდგომლობით მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართეს და განმარტეს, რომ „ამ პროცესს მაღალი ემოციური ფონი ახლავს“.
მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს სხდომის დარბაზში დაბრუნებისა და საბოლოო სიტყვით სარგებლობის ნება დართო, თუმცა ადვოკატებს მიმართა, ხაზარაძისთვის განემარტათ, რომ ის „ემოციებისგან თავისუფალი იყოს“.
ხმაური სასამართლო დარბაზში პროკურორის ხანგრძლივ რეპლიკას მოჰყვა. დაცვის მხარემ გააპროტესტა, რომ პროკურატურა რეპლიკის ნაცვლად ახალ დასკვნით სიტყვას კითხულობდა. “ეს არ არის სასამართლო. ბიძინას მონები ხართ”, სამი წელია ამ ბოდვას ვისმენთ”— მიმართა ხაზარაძემ პროკურორებს.
პროკურორის თქმით კი, მან სამი წელია, ზრდილობა ვერ ისწავლა.