„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მას „მინიმუმის გაკეთების საშუალება ექნება, რაც ბიუჯეტითაა განსაზღვრული“. ხაზარაძის თქმით, ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები.
ხაზარაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება არის „უბრალო შანტაჟი, პროვოკაცია და დაშინება“.
„თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ არჩეული ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიცია იქნება ის თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, უნდა აგრძელებდეს ხალხის სამსახურს. ეს არის უბრალო შანტაჟი, პროვოკაცია და დაშინება, თითქოს, თუ მაგალითად, ქუთაისი, თბილისი და სხვა რეგიონები აირჩევენ ოპოზიციურ კანდიდატებს, მაშინ გაჩერდება ქვეყანა და ღარიბაშვილს ექნება საშუალება დაფინანსება შეუწყვიტოს თბილისს. ეს არის აბსურდი, ეს არის უცოდინარობა, რასაც ის ამჟღავნებს თავის გამოსვლებში. მინდა მას მოვუწოდო, რომ ხშირად ისაუბროს, ჩვენ დაკვირვებით ვუსმენთ მას და მგონია, რომ საზოგადოებაც კარგად დაინახავს ვის ხელშია დღეს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ხაზარაძემ.