კახა კალაძემ მერიის 4-წლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა, თუ რა რეფორმები განხორციელდა დედაქალაქში მისი მერობის დროს, მათ შორის ურბანული მიმართულებით.
,,დღეს ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი, აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ქაოტურად, თბილისისა და თბილისელების წინააღმდეგ.
მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა“, – განაცხადა კალაძემ.