„15-17 მარტს ჩვენ მივემგზავრებით ბრიუსელში, სადაც დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ისევ ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში. 16 მარტს, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას რეფორმების განხორციელების საქმეში“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
,,რაც შეეხება შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ბატონი კრისტიან დანიელსონის ვიზიტს, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ვფიქრობთ, რომ მისი ჩართვა ორმხრივ მოლაპარაკებებში, დიალოგის კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს.
მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგი და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, რათა ჩვენ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.