პირველად ისტორიაში, ადამიანის მიერ შექმნილი ხომალდი მზესთან წარმოუდგენლად ახლოს მივიდა და მასთან კონტაქტი დაამყარა.
NASA-ს პარკერის მზის ზონდი მზის ატმოსფეროს ზედა ნაწილში, გვირგვინში (კორონა) ჩაეშვა და მასში გაიფრინა. მაღალტექნოლოგიური სიცხისგან დამცავი ფარის წყალობით ის არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ადგილზე ჩაატარა გაზომვები და ჯერ არნახული მონაცემები მოგვაწოდა მზის სისტემის გულის შესახებ.
„პარკერის მზის ზონდის „მზესთან შეხება“ მონუმენტური მომენტი და ნამდვილად გამორჩეული მიღწევაა მზის მეცნიერებაში. ამ საეტაპო მიღწევამ მოგვაწოდა ღრმა მონაცემები ჩვენი მზის ევოლუციისა და მზის სისტემაზე გავლენის შესახებ; ყველაფერი, რასაც ჩვენი ვარსკვლავის შესახებ ვსწავლობთ, უფრო მეტს გვასწავლის სამყაროს დანარჩენ ვარსკვლავთა შესახებ“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუკენი.
მზის ატმოსფეროში ყოფნის ხუთი საათის განმავლობაში, პარკერმა გაზომა მზის მაგნიტური ველის რყევები და ნაწილაკთა ნიმუშებიც აიღო. აქამდე, ჩვენი შეფასებები ამ მახასიათებელთა შესახებ, მხოლოდ გარე ინფორმაციას ეფუძნებოდა.
მისი განცხადებით, მაგნიტური ველის მონაცემებში ჩანს გვირგვინში ყოფნის მტკიცებულებები, მზის ქარის მონაცემები და ვიზუალური გამოსახულებები. ჩანს ხომალდის ფრენა გვირგვინის სტრუქტურებში, რომლებზე დაკვირვებაც აქამდე მხოლოდ მზის სრული დაბნელებისას შეგვეძლო.