ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სჯერათ შეთანხმების დოკუმენტი პოლიტიკურად დაბალანსებულია.
„მთელი გულით მივესალმებით 19 აპრილს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომ საქართველოში პოლიტიკური ჩიხი დასრულდეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი დეტალური წინადადების „წინსვლის გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერით.
ეს წინადადება ახალ ბიძგს აძლევს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კონსოლიდაციას და შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა ეს პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოოდ დარჩეს წარსულში“ – ნათქვამია ევროპარლამენტართა ერთობლივ განცხადებაში.