მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს განიხილავენ, იკითხა თუ რატომ არ ასამართლებენ სანდრა რულოვსს, რადგან ამ ხარჯების დიდი ნაწილი მისია.
სააკაშვილის განცხადებით, ხარჯების დიდი ნაწილი, რომელსაც მას ედავებიან, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის და მის ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს ეკუთვნის. მისი თქმით, სიამოვნებით იჯდებოდა მასთან ერთად საბრალდებო სკამზე იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია.
“ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით… ციხის სისტემაში ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რამ აქვს გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში.
სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და სასწრაფოდ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის სანდრა შეტანილი?” —განაცხადა სააკაშვილმა.