საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პლოვდივში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე საქართველოს ნაკრებისთვის სარეკორდო გამოდგა.
„დღეს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი კადირ ქამალი 3-2 დაამარცხა.
ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა გიორგი ჩხიკვაძემაც (72 კგ). მომავალმა ჩემპიონმა ფინალში თურქ აბდულა ტოპრაკს 7-5 მოუგო.
საქართველოს ჰიმნი მესამედაც აჟღერდა. ამ შემთხვევაში გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ) იყოჩაღა, რომელმაც ავსტრიელ მარკუს რაგინგერს 5-3 მოუგო.
ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ).
ერთი დღით ადრე ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი შოთაძემ (63 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) კი შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მიიღეს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.