საქართველოს Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას მნიშვნელოვნად გააძლიერებს 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა დაემატება 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.
დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გულისხმობს.