დღეს, 23 ივლისს „თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაციამ“ (World FZO) სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობების დანიშვნასთან დაკავშირებით ონლაინ ცერემონია გამართა, რომელზეც ფოთის თიზ-ი საქართველოში თავის წარმომადგენლად დანიშნა.
World FZO არის უმსხვილესი და გავლენიანი საერთაშორისო გაერთიანება, რომელშიც 1700 სუბიექტია გაერთიანებული. იგი წარმოადგენს თავისუფალი ზონების ინტერესებს მთელს მსოფლიოში. World FZO-ის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ სამირ ჰამრუნის განცხადებით, წარმომადგენლების დანიშვნა მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში პრობლემების გამოკვეთისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისთვის.
ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორის დავით ებრალიძის განცხადებით, პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამ აჩვენა, რომ საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი ინვესტორთა მხარდაჭერისა და დაცულობისთვის. ამიერიდან, ფოთის თიზ-ი, როგორც World FZO-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი იქნება მსოფლიო FZO- სთან ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლაზე და მსოფლიოს და საქართველოს თავისუფალ ზონებს შორის ინტეგრაციის გაღმავებაზე.