ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობამ უარი თქვა ელექტროენერგიის დასუბსიდირების იმ ფორმაზე, რომელიც იყო მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან ამგვარად შეუძლებელი იყო სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვა. როგორც მინისტრი განმარტავს, მიმდინარე სრული წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ნამატი დაუსუბსიდირდებათ საჭიროების მქონე ადამიანებს, სოციალურად დაუცველებს, რომელთა ქულა 150 ათასი ან ნაკლებია.
ნათია თურნავას თქმით, წელს მთელი წლის განმავლობაში იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვისაც აქვს 150 ათასი და ნაკლები ქულა, დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიის ტარიფის ნამატი. მისი თქმით, 2020 წლის დეკემბერში მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება სწორედ კოვიდ პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე.
“ჩვენ უარი ვთქვით იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, რადგან ერთნაირად უსუბსიდირდებოდათ სხვადასხვა კომუნალური როგორც შეძლებულ ადამიანებს, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად ტარიფების სუბსიდირება, ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია”,- განაცხადა თურნავამ.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით, დაუსუბსიდირდებათ სრულად პირველი 200 კილოვატ/საათის ფარგლებში. მეტიც რომ მოიხმაროს, პირველი 200 კილოვატის ფარგლებში მათ დაუსუბსიდირდებათ ტარიფის ნამატი და ეს იქნება სერიოზული დახმარება,
” იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ ნომერ პირველი გამოწვევა გვაქვს ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ფასების ზრდა, ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს, კომპენსირებული იქნება სწორედ იმ ადამიანებისთვის და იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მეტად წაადგება,“ – განაცხადა თურნავამ.