“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხი რუსეთისთვის პროვოკაციის მიზეზად არ უნდა იქცეს და საკითხს სიფრთხილით უნდა მიუდგნენ. მისი თქმით, როგორც უკრაინის გამოცდილებამ აჩვენა, დივერსანტები რუსეთიდან ჩასული “ტურისტები” აღმოჩნდნენ.
“ჩვენ ვიცით უკრაინის მწარე გამოცდილება, როცა ვითომ ჩამოსული ტურისტები გადაიქცნენ დივერსანტებად და გარკვეულ ოპერაციებს ატარებდნენ. ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაცია ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია. ზედმეტი აჟიოტაჟი არ შევქმნათ, საქართველოს არ სჭირდება ომის რიტორიკა, საქართველო უნდა იყოს მზად აგრესიისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა, “ტელეგრამზე” გაჩნდა არხები, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქებს საქართველოში ჩამოსვლა სურთ. ამ ცნობებს დისკუსია მოჰყვა საქართველოში. შეიქმნა პეტიციაც, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი დააწესოს.