საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან.
საქართველოს ელჩის ბელგიის სამეფოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ორ კვირაში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას.
„თვითონ ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება ევროკავშირის სამივე პრეზიდენტი – ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, მნიშვნელოვანი აღიარებაა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობისა და მათი ამბიციებისა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების კონტექსტში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.