„აზოვის“ პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აზოვსტალიდან ევაკუაციის პირობებზე ისაუბრა.
„მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ალყისა და მარაგების არარსებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე: მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხერხდა, მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება — მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომში გაცვლის და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების პირობით. დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებენ თავიანთი გმირების პატივით დაკრძალვას“, — აცხადებს პროკოპენკო.