ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 40-დღიანი მარხვის შემდეგ აღსარება ჩააბარა და ეზიარა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა ქვეყნისთვის დიდი ღვაწლი გასწია, რისი მაგალითიც თანამედროვეობაში არ არსებობს.
,, ეს არის პიროვნება, რომელიც საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ თავისი ნებით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში. ახლა ვიტყვი ქრისტიანულად, 40 დღე იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიღებ აღსარებებს და ვაზიარებ ადამიანებს, არავის უთქვამს ჩემთვის, რომ უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად.
ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ ჩვენ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო, თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა. 40 დღე ასე მშრალი მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება, ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.