საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება, სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის გამო მძღოლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
მანამდე სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიცია, სასამართლოს ეზოსთან მდებარე მანდატურების ჯიხურებზე ასულ აქციის რამდენიმე მონაწილის ჩამოყვანას ცდილობდა, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის მიმართულებით ბოთლები ისროლა. ხოლო პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.