თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, სასამართლოს მოთხოვნა პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი იყო, რომლის თანახმადაც, თუკი ბრალდებულის სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხდებოდა, მას დისტანციურ რეჟიმში მიეღო მონაწილეობა.
პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის გადმოყვანაზე უარი თქვეს. დისტანციურ მონაწილეობაზე კი თავად ბრალდებული აცხადებს უარს. მოსამართლის განმარტებით, თუკი ბრალდებულს დისტანციური მონაწილეობა არ სურს, ეს მისი უფლებაა.
ადვოკატებმა მოსამართლეს იმ დოკუმენტის მატერიალური სახით ჩვენება მოითხოვეს, რომელიც სასამართლომ პენიტენციურ დაწესებულებას გაუგზავნა. დავით კურტანიძის თქმით, მან საკმარისზე მეტი თქვა და დოკუმენტების გამოქვეყნებას არ მოახდენდა. თუმცა, ადვოკატების მიერ გაჟღერებული შუამდგომლობების შემდეგ, მოსამართლემ უფლებადამცველებს პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი დოკუმენტი წარუდგინა.