საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. ამ განცხადებით გამოეხმაურა ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გაეროსადმი მიმართვას.
რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაერო-ს მიმართავს, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს.
მარი ნარჩემაშვილის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა „გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ცნობით, მიმართვაში ინალ არძინბა აცხადებს, რომ მათი სურვილია „მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა“ და თავად უამბონ „როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში“.