თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყო, რომლის შეძენაც მოსახლეობას „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში შეეძლება.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ.
თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობა ძვირდება, პარალელურად, მერია დანერგავს სააბონენტო სისტემას. ახალი სისტემის მიხედვით ფასები ასე გადანაწილდა:
- ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
- ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
- ერთკვირიანი — 20 ლარი;
- სამთვიანი — 100 ლარი;
- ერთწლიანი — 250 ლარი;
- ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი- 10 თეთრი.