საინიციატივო ჯგუფი “მიშას სექტორი” აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით “პატრიოტი ადამიანების გაერთიანებას” გეგმავს, ხოლო თბილისში “დაუმორჩილებლობის ჯგუფების” შექმნას აანონსებს.
მათი თქმით, ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
„ვთავაზობთ ფართო გაერთიანებას იმ ადამიანებს, ვისაც ყველა კანონიერი ქმედების ფარგლებში რეჟიმის დამხობის სურვილი აქვს. რეგიონებში დავიწყებთ მოძრაობას თანამოაზრეებთან ერთად, რომელიც გაიშლება ქვეყნის მასშტაბით. უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაუმორჩილებლობის ჯგუფები შეიქმნება. ეს იქნება მრავალი ჯგუფი და საზოგადოებაც იხილავს, რამდენად ვართ ამისთვის მზად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ”,- განაცხადა “მიშას სექტორის” წარმომადგენელმა ლევან მერებაშვილმა.
მისივე თქმით, დაუმორჩილებლობის ჯგუფები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწყობენ „სირცხვილის კორიდორებს“ სხვადასხვა უწყებასთან.