სალომე ზურაბიშვილმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას. პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისაუბრეს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციის საჭიროებაზე და მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს გაცვლილი ინფორმაციისათვის.
ზურაბიშვილის თქმით, „ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, კიბერშეტევები, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე თუ შავ ზღვაზე ძალების გააქტიურება, არის ნიშნები იმისა, თუ რამდენად არის რუსეთის პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე“.
მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ დუდას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რადგან ისინი არ ივიწყებენ საქართველოს და ყოველი შემთხვევის დროს ახსენებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.