„ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს არაკომპეტენტური უწოდა. “ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, ყველანი გაოცებული დავრჩით. არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე”-ასე მიმართა სამადაშვილმა დარჩიაშვილს.
“მაქვს მარტივი შეკითხვა – ჩვენ რომ გვაქვს სურვილი ევროკავშირში გავწევრიანდეთ, გასაგებია და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეს სურვილი და ქართველ ხალხსაც, მაგრამ ევროპაში ვინმეს აქვს სურვილი თქვენი ხელისუფლების პირობებში, რომ მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? აი, გამოდიოდა საგარეო საქმეთა მინისტრი და დაავიწყდა ეთქვა, რომ ევროპარლამენტმა მიიღო მხარდამჭერი რეზოლუცია როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის კანდიდატის განაცხადთან დაკავშირებით და ევროპარლამენტმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, რომ მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის განაცხადს გაწევრიანდეს ევროკავშირში. სად არის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია? რატომ არ არის მსგავსი რეზოლუცია არა თუ მიღებული, არამედ პარლამენტის დღის წესრიგშიც არ არის შეტანილი და მე მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ ერთი სესია რჩება ევროპარლამენტს ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე. ხომ არ გასცემთ საზოგადოებას პასუხს, სად არის პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი განაცხადის?“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.